2019-ში უძრავი ქონება გაძვირდება

მენაშენეთა ასოციაცია მომდევნო წელს უძრავი ქონების 120-150 დოლარით გაძვირებას პროგნოზირებს.

როგორც ასოციაციის წარმომადგენელი და კომპანია “არსის” ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე აცხადებს, ამის მიზეზი მთავრობის 41-ე დადგენილებაა, რომელიც დეველოპერებს სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით ახალ ვალდებულებებს აკისრებს, რაც ხარჯებს ზრდის.

რეგულაცია ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

რაც შეეხება საკითხს, ახალი რეგულეციების პირობებში აქამდე როგორ შენარჩუნდა ფასები, თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ ვრცელდებოდა 2017 წლამდე გაცემულ ნებართვებზე. 2019 წელი კი არის ის დრო, როდესაც ექსპლუატაციაში შევა პროექტები, რომლებზეც ნებართვები 2017 წლის შემდეგ, ახალი რეგულაციების პირობებში, გაიცა.

“რატომ იწვევს ფასის ზრდას ეს რეგულაცია? მასში გათალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოება. თუ მაგალითად, აქამდე ერთ სადარბაზოში აკეთებდნენ ერთ კიბეს, ახლა უნდა გააკეთონ 2 კიბე. ეს ერთი მარტივი მაგალითია. დოკუმენტი 600-გვერდიანია და ბევრი კომპონენტისგან შედგება”,- აცხადებს თორნიკე აბულაძე.

კიდევ ერთი მიზეზად, რის გამოც მომდევნო წელს უძრავი ქონების გაძვირებაა მოსალოდნელი, აბულაძე გაზრდილ მოთხოვნასა და ბაზარზე არსებულ დეფიციტს ასახელებს.

“მოთხოვნა არის ძალიან მაღალი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ახალი შეზღუდვების გამო იკლო პროდუქტის რაოდენობამ. რეალურად მაინც დეფიციტია ბაზარზე – უფრო მეტ ადამიანს უნდა ბინა, ვიდრე ბაზარზე ბინების რაოდენობაა”,- აცხადებს თორნიკე აბულაძე და აღნიშნავს, რომ სამშენებლო სექტორზე გავლენა ჰქონდა თბილისის მერიის მიერ გადადმულ ნაბიჯებსაც.

კერძოდ, შემოვიდა ახალი ვალდებულებები დეველოპერებისთვის, როგორიც არის სატრანსპორტო ნაკადების კვლევა, რათა დადგინდეს რა მოცულობის შენობის აშენებაა ადგილზე შესაძლებელი და როგორი იქნება ამ ტერიტორიაზე გამტარუნარიანობა; ასევე სავალდებულო გახდა მშენებლობის დაწყებამდე გამწვანების მიმართულებით კვლევა.

თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ ამ რეგულაციებმა მშენებლობა არ გააძვირა, თუმცა მშენებლობის ნებართვის აღება დროში გააჭიანურა.

კომენტარის დატოვება